შესავალი
საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია (XIX-XX სს.) ერთი მთლიანი პროცესია. ამ ორსაუკუნოვან ისტორიაში გამოიყოფა ორი ძირითადი პერიოდი. პერიოდს 1801-1802 წლებიდან, ანუ რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობიდან 1918 წლამდე, ანუ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე ეწოდება საქართველოს ახალი ისტორია. საქართველოს ახალი ისტორიის უმთავრესი განმსაზღვრელი მოვლენაა ეროვნული მოძრაობა – ბრძოლა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენდა ავტოკეფალისტური მოძრაობა, რომლის მიზანი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენაა რუსეთ-ირანისა და რუსეთ-ოსმალეთის ომების შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დედასამშობლოში დაბრუნება. საინტერესოა ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა და საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროცესების ისტორია.
საქართველოს უახლესი ისტორია იწყება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით (1918 წლის 26 მაისი). ამ დიდ მოვლენას წინ უძღოდა ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა: საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წლის 12 მარტი) და თბილისის უნივერსიტეტის დაარსება (1918 წლის 26 იანვარი). 1921 წლიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) დაპყრობიდან, კვლავ ძნელბედობის ხანა იწყება ჩვენი სამშობლოს ისტორიაში. 1921 წელს რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველო 1922 წელს ძალით გააერთიანეს ახალი საბჭოთა იმპერიის – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაში. ქართველ ერს კვლავ დაემუქრა გადაშენების დიდი საფრთხე. საბჭოთა ხელისუფლება დაუნდობლად ებრძოდა ეროვნულ მოძრაობას, სხვადასხვა საშუალებით ცდილობდა ქართველთა ეროვნული და ეკლესიური (მართლმადიდებლური) ცნობიერების დაკნინებას, ქართული კულტურისათვის ეროვნული სულის გამოცლას. ამავე დროს მიმდინარეობდა საქართველოს ეკონომიკის გადაქცევა რუსეთის ეკონომიკის დანამატად. ყოველივე ეს ქართველ ერს ასიმილაციას უქადდა. ამ დიდ საფრთხეს დაუპირისპირდა ეროვნული მოძრაობა. ქართველმა ერმა გაუძლო ყოველგვარ განსაცდელს და 1991 წელს, XX საუკუნეში უკვე მეორედ, შეძლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება დიდ სირთულეებს წააწყდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სირთულეების გადაჭრისათვის დღემდე მიმდინარეობს ბრძოლა.